ჯუზეპე გარიბალდი (* 4 ივლისი, 1807, ნიცა ― † 2 ივნისი, 1882, კუნძული კაპრერა) იტალიის სახალხო გმირი. გენერალი. XIX საუკუნის იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე, მისი რევოლუციური-დემოკრატიული ფრთის ერთ-ერთი ბელადი (ჯ. მაძინისთან ერთად). გამოდიოდა იტალიის "ქვემოდან" გაერთიანების პროგრამით.
ახალგაზრდობა
ჯუზეპე გარიბალდი დაიბადა 1807 წლის 4 ივლისს ქალაქ ნიცაში ნეგოციანტის ოჯახში. გარიბალდების რამოდენიმ თაობის ყველა მამაკაცი მეზღვაური და გემთმშენებელი იყო. ჯუზეპეს მამა "პატრონ" დომენიკო საკუთარი ტარტანით დაცურავდა კატალონიიდან ლიგურიამდე და გადაჰქონდა სხვა და სხვა ტვირთები. მისი მეუღლე, დონა როზა, უაღრესად სათნო, მშრომელი და მზრუნველი ქალი იყო. ჯუზეპე მათი მეორე ვაჟი იყო, მას სამი ძმა ჰყავდა. დიმენიკომ და როზამ თავის შვილებს საუკეთესო განათლება მისცეს. ჯუზეპემ მშობლიური იტალიური და ფრანგულის გარდა შესანიშნავად შეისწავლა გერმანული, ესპანური, ინგლისური ენები , მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია და ა.შ. მშობლებს უნდოდათ, რომ ის მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ ჯუზეპეს ზღვა იტაცებდა. თხუთმეტი წლის ასაკში იგი უკვე იუნგაა და სატვირთო გემით მიემგზავრება ოდესისკენ. თერთმეტი წლის განმავლობაში ჯუზეპე სერავს ხმელთაშუა ზღვას ყველა მიმართულებით კანარის კუნძულებიდან ტაგანროგამდე და სრულყოფილად ეუფლება მეზღვაურის ხელობას. ოცდახუთი წლის ასაკში იგი უკვე კაპიტანია. მას შეეძლო წარმატებულად გაეგრძელებინა თავისი კარიერა, მაგრამ ჯუზეპე გარიბალდი იყო მგზნებარე რომანტიული პირივნება, მასში ძალიან დიდი შინაგანი ძალა ბობოქრობდა, რომ დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მოწყობით, იგი აუცილებლად დიდ საქმეებში უნდა დახარჯულიყო. ბავშვობიდანვე იგი მხურვალე ინტერესით და დიდი გულისტკივილით ადევნებდა თვალყურს იტალიაში მიმდინარე ურთულეს პროცესებს. გარიბალდის მშობლიური ქალაქი ნიცა ისტორიულად შედიოდა პიემინტ-სარდინიის სამეფოს შემადგენლობაში. 1796 წლის აპრილში საფრანგეთის რევოლუციური გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი შეიჭრა იტალიაში, დაამარცხა პიემონტის და ავსტრიის გაერთიანებული ჯარები და შეუერთა ნიცა სავოიასთან ერთად საფრანგეთს. 1801 წელს ნაპოლეონმა ხელახლა დაიკავა ჩრდილოეთ იტალია და ჩამოაყალიბა ლიგურიის და ციზალპიური რესპუბლიკები. მაგრამ 1814 წლის აპრილში, როდესაც ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა, ვენის კონგრესის გადაწყვეტილების თანახმად პიემონტ-სარდინიის სამეფო აღდგა თავის საზღვრებში და მეფე ვიტორიო-ემანუელე I, რომელიც მანამდე თავს სარდინიას აფარებდა, ავსტრიული ხიშტების მეშვეობით დაბრუნდა თავის დედაქალაქ ტურინში. პიემონტში, ისევე როგორც იტალიის სხვა ათიოდე სახელმწიფოში, გაუქმებული იყო რესპუბლიკის და იმპერიის პირობებში ჩატარებული პროგრესული რეფორმები და აღდგენილი იყო XVIII საუკუნის დროინდელი კანონმდებლობა და დინასტიები, რომლებიც სრულად ემორჩილებოდნენ ავსტრიის იმპერიის კონტროლს. მაგრამ რევოლუციური საფრანგეთის გავლენამ თავისი შედეგი გამოიღო და იტალიური საზოგადოების განათლებული ნაწილი ვეღარ შეეგუა დამკვიდრებულ რეაქციას. მთელ იტალიაში წარმოიქმნა საიდუმლო ე.წ. "კარბონარების" ორგანიზაციათა ქსელი, რომელთა მიზანი იყო "რისორჯიმენტო", ე.ი.იტალიის აღდგომა - აღორძინება. მათი მოთხოვნები იყო კონსტიტუცია და სახალხო წარმომადგენლობა და, რაც მთავარია, ქვეყნის განთავისუფლება ავსტრიული დიქტატისაგან და ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. 1821 წელს მთელი იტალია შესძრა აჯანყებათა ტალღამ, განსაკუთრებით კი სიცილია, მაგრამ ავსტრიული სამხედრო მანქანა სასტიკად უსწორდებოდა პატრიოტებს, ტარდებოდა რეპრესიები, დაპატიმრებულებს სასტიკად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. პიემოტის სამეფოში პატრიოტულმა მოძრაობამ ისეთი ძლიერი ფორმები მიიღო, რომ 1821 წელს მეფე გადადგა, მაგრამ მისმა ძმამ და მემკვიდრემ კარლო-ფელიჩემ სისხლში ჩაახრჩო აჯანყება. 1831 წელს პიემონტის ტახტზე ავიდა კარლო-ალბერტო, რომელსაც სიჭაბუკის წლებში მოუწია ნაპოლეონის ბანაკებში ყოფნა და ის ლიბერალის რეპუტაციით სარგებლობდა. იტალიელი პატრიოტები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თვით ჯუზეპე მაძინიმ, დიდმა იტალიელმა, რომელმაც ემიგრაციაში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია "ჯოვინე იტალია" (ახალგაზრდა იტალია), მიმართა მეფეს შემდეგი სიტყვებით: "სირ, ჩადექით ერის სათავეში და დაწერეთ თქვენს ალამზე ერთიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა." მაგრამ კარლო-ალბერტოს, როგორც პოლიტიკოსს, სპონტანური მოქმედებების უარყოფითი გამოცდილება უკვე ჰქონდა ადრე მიღებული და მან უპასუხოდ დატოვა ეს მიმართვა. მაძინი თავისი ორგანიზაციის ძალებით შეუდგა მორიგი აჯანყების მომზადებას. ჯუზეპე გარიბალდი ამ პერიოდში უკვე გემის კაპიტანი იყო, მაგრამ მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა იტალიაში და მთელი გულით განიცადა ნეაპოლის სამეფოში, კერძოდ სიცილიაში პატრიოტების სიკვდილით დასჯა. ნაოსნობის დროს გარიბალდი ეზიარა სენ-სომონის მოძღვრებას და ამან უფრო გაუმტკიცა მას მისწრაფება ებრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. მან დაიწყო მაძინისთან კავშირების ძებნა. მათი შეხვედრა შედგა მარსელში 1833 წელს. მაძინის უკვე დაგეგმილი ჰქონდა აჯანყების მოწყობა პიემონტში და გარიბალდის მან დაავალა ამ გეგმის ნაწილის შესრულება - გენუის არსენალის და პორტის ხელში ჩაგდება. გარიბალდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს, მაგრამ აჯანყება იმდენად ცუდად იყო მომზადებული, რომ დაწყებამდე ჩაიშალა. შეთქმულების მონაწილეთა უმრავლესობა დააპატიმრეს. გარიბალდიმ ძლივს მოასწრო გაქცევა და საფრანგეთს შეაფარა თავი. გაზეთებიდან მან გაიგო, რომ სამხედრო ტრიბუნალმა მას დახვრეტა მიუსაჯა. რეპრესიების შედეგად მაძინის ორგანიზაციამ ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა და გარიბალდიმ, თავი რომ დაეღწია უმოქმედობისათვის, გადაწყვიტა ახალ სამყაროში გადასახლება. 1835 წლის სექტემბერში იგი ჯდება გემზე და მიემგზავრება რიო-დე-ჟანეიროში.