არგონავტები (ძვ.-ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი. არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები. არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, პინდარეს „IV პითიური ეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა".
სასწაულმოქმედი ოქროს ვერძი
ორქომენოსის მეფის ათამანტის ძესა და ასულს - ფრიქსესა და ჰელეს - დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ცით მოუვლინა ოქროსმატყლიანი ვერძი. ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა. როცა ეგეოსის ზღვისა და პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სრუტეს მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა. ამ ადგილს ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა. ვერძმა ფრიქსე შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ აიეტმა, ფრიქსე სასახლეში შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ასული ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი ანუ ოქროს საწმისი მდ. ფასისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს. ლემნოსელი ქალები პაგასის სანაპიროდან არგონავტებმა დაიწყეს მათი ხანგძლივი გზა და კუნძულ ლემნოსზე გადაწყვიტეს გაჩერება. მათ ჩამოსვლამდე კუნძულზე საშინელი ამბები დატრიალდა. აფროდიტემ დასაჯა ლემნოსელი ქალები და მათ ისეთი უსიამოვნო სუნი აუვიდათ, რომ მათმა ქმრებმა თრაკიიდან შემოსული ქალებით გადწყვიტეს მათი შეცვლა. ლემნოსელმა ქალებმა ერთ ღამეში ამოწყვიტეს კუნძულზე მყოფი ყველა მამაკაცი. მხოლოდ დედოფალ ჰიფსიპილემ დაინდო თავისი მამა თოასი და დამალვით გადაარჩინა სიკვდილს. ლემნოსელმა ქალებმა „არგო“ თრაკიელების ხომალდად მიიჩნიეს და მათთან საბრძველად გაემზადნენ. არგონავტებმა მათთან ეთალიდესი გაგზავნეს და მცირე ხნით კუნძულზე შეფარება სთხოვეს. ჰიფსიპილემ ქალები სათათბიროდ მიიწვია . თათბირის შედეგად გადაწყვიტეს, რომ ისინი კუნძულზე დაეტოვებინათ, მაგრამ დაუმალეს მამაკაცთა არ ყოფნის ნამდვილი მიზეზი. მათ უკვე აღარ ასდიოდათ უსიამოვნო სუნი და შეეძლოთ მოსულ ვაჟკაცებთან მისცემოდნენ სასიყვარულო განცხრომას. არგონავტებს ეამათ ლემნოსელ ქალებთან დარჩენა. თვით იასონმა შეიყვარა დედოფალი ჰიფსიპილე, რომელმაც მას შემდგომ ორი ძე, ევნეოსი და თოასი უშვა. არგონავტების ლაშქრობა დიდი ხნით გადაიდებოდა, რომ არა ჰერაკლე, რომელმაც არგონავტები სასტიკი სიტყვებით გაკიცხა. მიუხედავად ლემნოსელი ქალების მუდარისა, მათ დატოვეს კუნძული.