,,ზოგიერთების საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ თუ ტრადიციულსა და ნაციონალურს გვინდა ხაზი გავუსვათ, მაშინ ქართველ კაცს უნდა ჰქონდეს ოდნავ გრძელი, და ამასთან აუცილებლად შავი ფერის»! _ განაცხადა ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან ხურციძემ საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე. ,,თუ ასეა საქმე, მაშინ არც ქართველ ქალბატონებს აწყენდათ წელს ქვემოთ ჩასუქება», _ შეეპასუხა მას პარლამენტარი კოტე გაბაშვილი.
,,ბატონებო, რა ნაცვალსახელებით საუბრობთ, დააკონკრეტეთ, თორემ დაიბნა ხალხი», - რეპლიკა გაისმა სხდომათა დარბაზში.
მხოლოდ რეპლიკის შემდეგ გაირკვა, რომ მაჟორიტარი ბეჟან ხურციძე რუსეთში საქართველოს იმ დროისთვის ახლადდანიშნული ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის საქციელის გამო ბრაზობდა.
,,ვალერი ჩეჩელაშვილი, საკუთარი ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ,,რწმუნებათა სიგელის» გადაცემის ცერემონიაზე, ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილი მივიდა. Eეს ინიციატივა თავისთავად მისასალმებელია, მე ვაყენებ წინადადებას, რომ ყველა ოფიციალურ შეხვედრებზე ქართველი ჩინოსნები ჩოხით გამოცხადდნენ. Mმაგრამ ჩოხა უნდა იყოს ნამდვილი, ტრადიციული და არა ისეთი როგორიც ბატონ ვალერის ეცვა», _ განმარტა მაშინ ბეჟან ხურციძემ.
პარლამენტის ეს სხდომა არ უნახავს, ,,ჩოხოსანთა ლიგის» ერთ-ერთ დამფუძნებელს, მწერალ ოტია იოსელიანს, მაგრამ ლიგის წევრ ბეჯან ხურციძის ნათქვამს ბოლომდე დაეთანხმა.
,,მე ჩოხა მაშინ ჩავიცვი, როცა პასპორტიდან ნაციონალობის გრაფა ამომიღეს. Aახლა პარლამენტი ,,ნაციონალებს» მიაქვთ, და ჩოხას თუ ჩაიცვამენ არაფერი დაუშავდებათ. ოღონდ ბიუჯეტის ხარჯზე თუ შეიკერეს ჩოხები დევიღუპებით, ბიუჯეტი გეირღვევა. მე ერთი ნამდვილი ჩოხა თავისი ატრიბუტებით 300 ლარი დამიჯდა,» _ ამბობს ოტია იოსელიანი.
ჩოხოსანი მწერალი, რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩზე მეტად, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებზეა გაბრაზებული, რომლებმაც ეგრეთ წოდებული ,,ჩოხა-ფართი» მოაწყვეს.
,,ფართე ჩოხა კი გამიგია, სქელი კაცები იცვამენ ხოლმე, მარა ე ,,ჩოხა-ფართი» კაი ხანს ვერ გევიგე, რა იყო?! Aარადა ტელევიზორი ყოველ დღე მიძახოდა ,,ჩოხა-ფართი შედგება, ჩოხა ფართიო!» თურმე ,,ფართი» _ ,,სუფრა» არ ყოფილა. შე დალოცვილო, თუ ჩოხით ქეიფი გადაგიწყვეტია, ბარემ ილაპარაკე კიდეც ქართულად», _ ბრაზობს ოტია იოსელიანი.