მიგელ დე სერვანტეს საავედრა (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra; დ. 29 სექტემბერი, 1547, ალკადა-დე-ენარესი – გ. 23 აპრილი, 1616, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა "მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი". მწირი ცნობებია სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან გაჭირვებულ ოჯახში.მიგელის გარდა მის მშობლებს ჰყავდათ კიდევ ორი ქალიშვილი - ანდრეა და ლუიზა, და ვაჟიშვილი - როდრიგო. მიგელს ძალიან უყვარდა ქუჩის მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა ნაბეჭდ ქაღალთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ ნაბღაჯნ სტრიქონს. ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება თავის მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდგომ შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში.სალამანკაში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, სადაც გაატარა მიგელმა სტუდენტობის წლები. 1560-1568 წლებში სერვანტესის ოჯახი მადრიდში ცხოვრობდა. უფროსი ვაჟი როდრიგო უკვე ფლანდრიაში ანუ მეფის ჯარში მსახურობდა. 1568 წელს სერვანტესი გამოჩენილი ჰუმანისტის ხუან ლოპეს დე ოიოსის მოსწავლეა. ოიოსი სალამანკის უნივერსიტეტიდან სასახლეში მიიწვიეს და მან მიგელიც თან წაიყვანა.
1569 წლიდან სერვანტესი ესპანურ სამართალს რომში გაექცა, სადაც კარდინალ გიულიო აკვავიტას კამერდინერად მუშაობდა. 1571 წელს კი შეუერთდა ნეაპოლში სტაციონირებულ ესპანურ სამხედრო ნაწილს, რომელთან ერთადაც იმავე წელს ლეპანტოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში მან მარჯვენა ხელი დაკარგა.