რობერტ დე ნირო, უმც. (Robert De Niro Jr. დ. 17 აგვისტო, 1943) – ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარებული [1] [2], განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლიმამა II“ (The Godfather Part II), „ტაქსის მძღოლი“ (Taxi Driver), „ცოფიანი ხარი“ (Raging Bull), „დიდებული ბიჭები“ (Goodfellas) და „ხელშეუხებლები“ (The Untouchables).
დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლიმამა II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად ლაპარაკობს, ინგლისური სუბტიტრებით და მხოლოდ აქაიქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.