დიდი მთავარი ანასტასია რომანოვა (რუს. Вели́кая княжна́ Анастаси́я Никола́евна, 1901-1918) — იმპერიული რუსეთის ბოლო მმართველი ნიკოლოზ II-სა და მისი მეუღლე ალექსანდრა თედორეს ასულის მეოთხე ქალიშვილი. დახვრეტილია ოჯახთან ერთად იპატიევის სახლში ბოლშევიკების საიდუმლო სამსახურის ძალების მიერ. მისი დაღუპვის შემდეგ 30-მდე ქალმა განაცხადა, რომ სასწაულებრივად გადარჩენილი დიდი მთავარი იყო. მათგან ყველაზე განთქმული იყო ანა ანდერსონი. თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ ისინი სამეფო ოჯახს არ ენათესავებოდნენ. მოარულ ხმებს ანასტასიას შესაძლო გადარჩენაზე მხარს უმაგრებდა საბჭოთა მმართველობის წლებში მისი დაკრძალვის ადგილის გაურკვევლობა. 1991 წელს ეკატერინბურგთან აღმოჩენილ ერთობლივ საფლავში იპოვეს მეფის, მისი მეუღლისა და სამი ქალიშვილის ნეშთი, თუმცა ალექსეი ნიკოლოზის ძისა და ერთ-ერთი დის (ანასტასიის ან მარიამის) ნეშთი იქ არ ყოფილა. 2008 წლის იანვარს, რუსმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ 2007 წლის აგვისტოში ეკატერინბურგთან ნაპოვნი ყმაწვილი ბიჭისა და ახალგაზრდა გოგონას დასახიჩრებული გვამები 13 წლის მეფისწულისა და ერთ-ერთი დიდი მთავრისა უნდა ყოფილიყო. 2009 წლის მარტში დნმ-ის ტესტის ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების დნმ-ის იდენტიფიცირების ლაბორატორიამ, რომელმაც დაადასტურა ოთხივე მეფის ასულის ნეშთის სარწმუნოობა, და, შესაბამისად, რომელიმე მათგანის გადარჩენის ალბათობა გამოირიცხა.